(რეზონანსი) სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას დაკითხვა დასრულდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ განაცხადა, ფარული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და ის 2017 წელს იყო ჩაწერილი. დანელიას განმარტებით, ჩანაწერში იგი პაციენტს კბილის პროთეზზე ესაუბრება.
„ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია. ჩაწერილი ორი წლის წინ, როდესაც მე ვესაუბრები პაციენტს კბილის პროთეზთან დაკავშირებით", - აღნიშნა გია დანელიამ.
დანელია ამ საკითხზე პროკურატურაში დღეს მეორედ დაიკითხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო.
გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.