მალხაზ გაგუა
12.05.2019

 ათასობით პოლონელმა ნაციონალისტმა შაბათს ვარშავაში ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აპროტესტებენ ამერიკის პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისგან ჰოლოკოსტის მსხვერპლ ებრაელთა ოჯახებისთვის წართმეულ ქონებაზე კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

ამერიკული "ასიშიეითედ პრესის" ცნობით, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში "ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ანტი-ებრაული დემონსტრაცია იყო". იგივე შეფასება მისცა ამ აქციას ისრაელის პრესამ და ბევრმა დასავლურმა გამოცემამ.

ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველებს განსაკუთრებით აშფოთებთ ის გარემოება, რომ პოლონეთში ბოლო წლებში ანტი-სემიტურმა როტორიკამ და სიძულვილის ენამ მიუღებელი ფორმა და მასშტაბი მიიღო.

ამას ემატება ის ფონი, როცა მთელ ევროპაში ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ძალების პოპულარობა წლიდან წლამდე, უფრო ზუსტად კი თვითად თვემდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებსაც გამოკვეთილად ნაციონალისტური პოლიტიკური ძალა მართავს - ძმები კაჩინსკების მიერ 2001 წელს დაარსებული პოლიტიკური მოძრაობა სახელწოდებით "წესრიგი და სამართალი".

პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავიცკიმ, რომელიც სწორედ "წესრიგსა და სამართალს" წარმოადგენს, ფაქტობრივად მხარი დაუჭირა დემონსტრანტებს, განაცხადა რა, რომ თუ ვინმე იმსახურებს კომპენსაციას, ეს ისევდაისევ პოლონეთია.

შაბათის პროტესტში აქტიურობდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ამერიკას პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევაში სდებდნენ ბრალს და ბრაზობდნენ იმის გამო, რომ ვაშინგტონმა "ებრაელების ინტერესები პოლონეთის ინტერესებზე მაღლა დააყენა", წერს "ასოშიეითედ პრესი".

შეგახენებთ, რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ამბების გამო ამერიკასა და პოლონეთს შორის სიტუაცია შარშანაც დაიძაბა, როცა სეიმმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც პოლონეთის დადანაშაულება ჰოლოკოსტში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. მაშინ ეს მკაცრად დაგმო ისრაელმა. ამერიკამ კი, რომელიც ორივე ამ ქვეყნის ახლო მოკავშირეა, მხარი ისრაელს დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×