(რეზონანსი) სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. იურისტის თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს არხის გაკოტრება მიმდინარეობს და "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
რაც შეეხება დაგროვილ გადასახადებს, რომელზეც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საუბრობს, თამთა მურადაშვილის თქმით, არხის 9%-იანი წილის მფლობელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში, რომ გაესაჩივრებინა, მაშინ აღარ გაუჩნდებოდა მსგავსი შეკითხვები.
„არსებითად რაც მე მკაფიოდ დავინახე და კარგია რომ ითქვა, არის ის, რომ ნინო ნიჟარაძეს არ გაუსაჩივრებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში. ადვოკატი ამბობს, რომ დროებითი ღონისძიება ისედაც შეჩერებული იყო. თუმცა ეს არის დროებითი ღონისძიება და არა არსებითი სარჩელი. არსებითი სარჩელის შედეგი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ანუ მან არ განაცხადა პრეტენზია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ის საუბრობდა ასევე გაკოტრებაზე, რომელიც სრულიად გაუგებარია რაზე საუბრობს.
გასაგებია, რომ ის თამაშობს ხელისუფლების თამაშს. იმიტომ, რომ სწორედ იქითკენ მიდის გარემოებები, რომ დადგეს ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი სავარაუდოდ. თუკი დღეს ჩვენ ვართ ეთერში ეს არის ნიკა გვარამიას დამსახურება და იმის ნაცვლად, რომ მადლიერი იყოს და ეთერში ვიყოთ, ის საუბრობს ნიკა გვარამიას ასუხისმგებლობაზე. როგორც ჩანს, მისთვის ასევე გაუგებარია, რას ვითხოვთ სტრასბურგში გადასახადებთან დაკავშირებით. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ არასდროს დაუსვამს კითხვა, როგორ სულდგმულობდა კომპანია აქამდე და ეთერში როგორ ვიყავით საერთოდ", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ცნობისათვის, 6 მაისს „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს.