სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის სასტიკ მკვლელობაში 85 წლის ომარ გამყრელიძის გარდა მისი მეორე ვაჟიც ფიგურირებს. როგორც გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, მეორე დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ თითქმის ვერავინ დააფიქსირა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ პრაიმტაიმი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
"ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს.
გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.
ამასთან უდნა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.
საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას” - განუცხადეს პრაიმტაიმს შსს-ში.