(რეზონანსი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შვიდი სარატიფიკაციო ხელშეკრულება წარადგინა, რომლებიც 2011 წელს ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებშია გაფორმებული აზიის განვითარების ბანკთან და საქართველოსთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო პროექტების დასაფინანსებლად, 500 მილიონი დოლარის ოდენობით სასესხო რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებით სესხის დახურვის ვადა მიმდინარე წელს მთავრდება, კაკაურიძემ პარლამენტის თანხმობით ვადის 2021 წლის 29 მარტამდე გადაწევა მოითხოვა, რათა ამ ეკონომიის გამოყენება და პროექტების სრულად განხორციელება შესაძლებელი გახდეს.
მართალია, კომიტეტმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ შენიშვნის სახით იკითხა, რატომ ხდება მუდმივად პროექტების ვადების გაგრძელება.
"არ არის აბსოლუტურად არანაირი კონტროლი. გახსოვთ, როგორ გვპირდებოდა ნოდარ ჯავახიშვილი, რომ უკვე დამთავრებული უნდა იყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა... მერე გადავიდა 2020 წელს, 2021-ში, 2022-ში... ახლა მე მგონი, 2030-შიც არ დამთავრდება, ისე მიდის საქმე", - განაცხადა რევაზ არველაძემ.