(რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი ბესლან ჭკადუა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ამერიკიდან თურქეთში ჩასვლის შემდეგ, დემონსტრაციულად დაწვა რუსული პასპორტი და ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ატვირთა.
Apsny LIFE-ს ცნობით, მას სოხუმში, მეჩეთთან ახლოს, დღის მეორე ნახევარში, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენა. ჭკადუა სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და აფხაზური მედიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე ე.წ. რესპუბლიკის სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ეს ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ ოდესმე ჭკადუა მათ ხელში ჩაუვარდებოდა და “თავხედურ საქციელზე” პასუხისგება მოუწევდა...
აფხაზების ერთი ნაწილი მართლაც დიდი აგრესიით შეხვდა ჭკადუას პროტესტს, რადგან მათი მოსაზრებით, რუსეთი მათ “გადარჩენაში” დაეხმარა. სხვების თქმით, ბესლან ჭკადუამ გაბდა და ათასობით ადამიანის პროტესტი ისე გამოხატა, რომ შედეგებზე არც კი უფიქრია, ან იფიქრა და უბრალოდ, “დასაკარგი არაფერი ჰქონდა...”