(რეზონანსი) ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები გაიზრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
“დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. გვაქვს მთელი რიგი ღინისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ. 2018 წელს სიკვდილიანობის ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, თუმცა 459 დაკარგული სიცოცხლე არის მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის ვამატებთ კამერებს – წლის ბოლომდე ქვეყნის მაშტაბით 5 ათასამდე კამერა იქნება, სხვადასხვა ტიპის – ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა. შ . ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს. ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკვე მომზადებულია და დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში",-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
რა რაოდენობით გაიზრდება საჯარიმო სანქციები და საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.