კანიბალიზმის საქმის მონაწილემ, მსჯავრდებულმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის დეტალების შესახებ "იმედის კვირასთან" ისაუბრა. მკვლელობის საქმე რომელიც 2016 წლის 19 ოქტომბრით თარიღდება, იმდენად მძიმე იყო, რომ სასამართლო პროცესი მალევე დაიხურა. დააკავეს 6 ახალგაზრდა. მათგან ორი სასჯელს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იხდის. მათ ირმა ყოჩიაშვილის გამზრდელი დედა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მოკლეს.
"მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს, მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. მაქვს სინანული იმის როგორც მოკალი, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა, ადამიანს მოუსწრაფე სიცოცხლე, რისი უფლებაც არ გაქვს", - ამბობს ირმა მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ.
მსჯავრდებულის თქმით, მათ ვერ დაუდასტურეს კანიბალიზმის ბრალდება. ირმა სასაცილოდ მიიჩნევს საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მკვლელობა გარკვეული რიტუალის მიზნით მოხდა და რომ ის და მასთან ერთად მსჯავრდებულები "რაღაც სექტის წევრები არიან".
"ეს ის დანაშაული იყო, რომელიც უნდა მომხდარიყო, ბავშვობიდანვე მქონდა განცდა რომ ციხეში მოვხვდებოდი. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
რა ზიანი მივაყენე და რაც დავუშავე, მაინც განვიცდი და ემოციურად ვარ განწყობილი. აქედან რომ გავალ შეიცვლება ჩემი ცხოვრება და მსგავს რამეს არც გავაკეთებ და არც ვიფიქრებ რომ გავაკეთო", - თქვა ირმა ყოჩიაშვილმა "იმედის კვირასთან".
საბოლოოდ სასამართლომ ბექა შენგელიას უვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირმა კიდეv 17 წელიწადნახევარს ციხის გისოსებს მიღმა გაატარებს.