(რეზონანსი) დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.
"ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.