(რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.მოკლული 43 წლის გელა გერმანიშვილია. გარდაცვლილის მეზობლები ჰყვებიან,რომ მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. მათივე ინფორმაციით, ისინი მეოთხე შვილს ელოდებოდნენ.
რაც შეეხება მომხდარს, ორი ვერსია ვრცელდება. პირველი ვერსიის თანახმად, გელა გერმანიშვილს მანქანიდან ესროლეს. მეორე ვერსიის მიხედვით კი, ბენზინგასამართ სადგურთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი უმისამართოდ იშვერდა იარაღს, რა დროსაც გერმანიშვილმა შენიშვნა მისცა და გასროლა სწორედ ამ დროს მოხდა.
გელა გერმანიშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. იგი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული და ბრალდებული თანასოფლელები არიან.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია.
(ამბები.ჯი)