რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში უკვე დაიკითხენ მოწმები, ასევე გამოკითხული ბრალდებული მამაკაციც.

4 ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი "პრაიმტაიმთან" ამბობს, მოხუცი დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ბუჩქებში დამალულმა, მისთვის უცნობმა პირმა მოკლა.

ირკვევა, რომ ომარ გამყრელიძეს უკვე დიდი ხანია ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ჰქონდა - ამის შესახებ სოფელ ყანდაურაში მოკლული ქალის ნათესავი საუბრობს.

როგორც მოკლული რძლის დეიდა ამბობს, წყვილს შვილი არ ჰყოლია. ისინი 10 წელი იყვნენ ქორწინებაში. მამამთილი კი ფიქრობდა, რომ მისი უძრავი ქონება რძალს თავისი ახლობლებისთვის უნდოდა.

ადგილობრივის თქმით, ოჯახს ძალიან უჭირდა. მეზობლები ყვებიან, რომ ომარ გამყრელიძეს ბადიაურში ვენახები აქვს. მას სულ სამი შვილი ჰყავდა. ის წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა შვილს და რძალს. ბრალდებულთან ურთიერთობას სოფელში ყველა ერიდებოდა.

მოკლულ შვილს ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც ადგილობრივი ამბობს, რძალი კარგი და მშრომელი გოგო იყო, ვინაიდან ოჯახს ძალიან უჭირდა, ახალგაზრდა გოგო მინდვრებში მუშაობდა და ბოსტნეულს ჰყიდდა.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ომარ გამყრელიძე წარსულში პირუტყვის ქურდობისთვის არის ნასამართლევი. კაცმა საპატიმრო 1989 წელს დატოვა.

პრაიმტამი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×