
საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები ახალ დეტალებს ყვებიან. ყანდაურელების ინფორმაციით, 3 წლის წინ ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ომარ გამყრელიძემ, შვილს დავით გამყრელიძეს სასოფლო სამეურნეო ბასრი იარაღით სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა და დაჭრა, თუმცა მაშინ ოჯახს ფაქტი პოლიციისთვის არ შეუტყობინებია. ახლა კი მორიგ კონფლიქტს ფატალური შედეგი მოჰყვა - 85 წლის მამაკაცმა შვილი და რძალი, ასევე ძმის ცოლი და ძმისშვილი მოკლა.
როგორც ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, მამა-შვილ გამყრელიძეებს შორის მუდმივი კონფლიქტი იყო, რის გამოც ბოლო ერთი წელია მოკლული დავით გამყრელიძე მეუღლესთან, ლელა ბორაშვილთან ერთად მამისეული სახლიდან ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ცნობილია, მოხუცი მამაკაცი შვილს უძრავი ქონების გამო ედავებოდა.
"ბიჭი ცოლთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, სოფლის მეურნებით ირჩენდნენ თავს, საქონელი ჰყავდათ. საწყლებს, შვილიც არ დარჩათ... ალბათ წინასწარ ნაფიქრი ჰქონდა ამ კაცს მკვლელობა, რადგან ავადმყოფობა მოიგონა, შვილი და რძალი დაიბარა... სულ აგრესიული იყო და არც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა სოფელში", - განაცხადეს ყანდაურას მცხოვრებლებმა საუბარში.
ოჯახში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს გარდაცვლილი ლელა ბორაშვილის დედა, ნინო სოროზნიშვილიც:
"კონფლიქტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა... დიდი უბედურება მოხდა. ჩემს ქალიშვილს შვილი არ ყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა, მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.