რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი უყარეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 102 დეპუტატმა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.

კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდანერთი წლის განმავლობაში, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ასევე ინიციატივით, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე.

ამ თვალსაზრისით, ინიციატივით კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ორი ან მეტი პირის მიერ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ასევე გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×