რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) 17 მაისის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ეძღვნება, ორი დღეა ხმაურია ატეხილი. ვნებათაღელვა ამ კონცერტში მონაწილეობა-არ მონაწილეობას შეეხო. კონცერტს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი" მართავს. „დავითიანი" 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააფუძნა.

ღონისძიების მონაწილეთა სია ყოველ დღე იცვლება. ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობაზე თანდათანობით უარს აცხადებენ მომღერლები. ზოგს გაწერილმა განრიგმა არ მისცა მონაწილეობის საშუალება, ზოგსაც იმ დაპირისპირებაში არ სურს გარევა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ამ დღეს უკავშირდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კონცერტში აღარ მონაწილეობს თამრიკო ჭოხონელიძე. მომღერალი ილია მეორეს დანაპირების შეუსრულებლობისთვის ბოდიშს უხდის.

თამრიკო ჭოხონელიძე: - ვერ დავმალავ, რომ ჩემთან მოლაპარაკება სრულყოფილად არ შემდგარა. მე კონცერტში მონაწილეობას დავთანხმდი. ვაღიარებ გულწრფელად იმას, რომ როგორც კი ოჯახზე და მის სიწმინდეზე წავიდა ლაპარაკი (ოჯახების მონაწილეობით გვინდა კონცერტიო), მაშინვე თანხმობა მივეცი. ეს იყო 20-25 დღის წინათ. შესახსენებლად ხომ დამიკავშირდებით-მეთქი, ვკითხე. კი, ბატონო, აუცილებლად შეგახსენებთო. მაგრამ როდესაც ეს ბოლო ორი დღეა, 17 მაისთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი ლაპარაკი წავიდა, უარი ვთქვი კონცერტში მონაწილეობაზე.

ეს დღე ჩემთვის პირდაპირი მინიშნებაა დაპირისპირებისა. მინდა ბოდიში მოვუხადო საპატრიარქოს. პირველად ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ დანაპირებს არ ვასრულებ. ბოდიშს ვიხდი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პირობა დავარღვიე. მაგრამ დავარღვიე იმის გამო, რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს, ზოგადად დაპირისპირების მიმართ.

ჩემი უარით ვაპროტესტებ დაპირისპირებას. ჩემთვის ყოველი დღე - 17 მაისიდან მეორე წლის 17-მდე წმინდაა. მე პატრიარქს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ, ჩემი ოჯახით. ამას მაინც ხედავს საზოგადოება.

მომეცით საშუალება, რომ უწმინდესს მოვუბოდიშო. ბევრი რამის თქმა მინდა უწმინდესისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა. მან ყოველთვის იცის, რა დროც არ უნდა იყოს და როგორც არ იყოს, მისი სახელით როდესაც მირეკავენ, მთელი ჩემი ოჯახით ფეხზე ვდგავარ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იქნება, როდესაც მე ბოდიშს მოვუხდი უწმინდესს დანაპირების შეუსრულებლობისთვის.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×