ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაიხურა, სახლის მეპატრონემ თანხის გადაუხდელობის გამო პარტიას ფართის დაცლა მოსთხოვა.
როგორც სახლის მეპატრონე მარინა ქორთოშვილი ამბობს, მას სახლის ქირის სანაცვლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია თვეში 250 ლარის გადახდას დაჰპირდა, თუმცა როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა მხოლოდ ასი ლარი მისცეს და უთხრეს, რომ ზუგდიდის ოფისში ფული ჯერ არ არის მოტანილი. პარტიას იჯარის თანხა 20 აპრილს ჰქონდა გადასახდელი.
"შევთანხმდით, რომ თვეში 250 ლარს გადამიხდიდნენ, ანუ 500 ლარი ჰქონდათ მოსაცემი. მოვიდნენ და მითხრეს რომ მხოლოდ 100 ლარი ჰქონდათ. არ გამოვართვი, უკან მივუბრუნე, მერე სანდრას ბანერი იყო სახლის წინ, ის ჩამოხსნეს და წავიდნენ. მითხრეს, რომ პარტიაში ჯერ არაა ფული მოტანილიო. არავისთვის არ მიუციათ, მხოლოდ ლიდერებს მისცეს ფული", - აცხადებს "ქრონიკასთან" ქორთოშვილი.