რეზონანსი
01.05.2019

 მარკ ცუკერბერგმა ახალი ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს და Whatsapp-ს შეეხება. ახალი დიზაინისა და ფუნქციების შემუშავება, სოციალური ქსელის გიგანტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომპანიის მიერ თავისი მომხმარებლების მონაცემთა დაცვის მეთოდებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

აპლიკაციები გახდება უფრო მარტივი, მოქნილი და ნაკლები დატვირთვით იმუშავებს. შეიცვლება სოციალური ქსელების როგორც ფუნქციები, ასევე დიზაინიც:

1. მესენჯერით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები ავტომატურად დაშიფრული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ Facebook-ს არ ექნება შესაძლებლობა ტექსტის შინაარსი წაიკითხოს. ამ პრინციპს გამოიყენებენ WhatsApp-ზეც.

2. Instagram-ზე აღარ გამოჩნდება მოწონებების და ნახვების რაოდენობა, მათ მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელი დაინახავს და არა მისი „ფოლოერები“.

3. Facebook აპლიკაციის დიზაინი შეიცვლება ისე, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს სოც-ქსელში არსებულ ჯგუფებზე. Newsfeed-ში სწორედ მომხმარებლისთვის საინტერესო ჯგუფები გამოჩნდება და შეიცვლება ვიზუალიც. ეს ცვლილება პირველად აშშ-ს მასშტაბით ამოქმედდება, შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბით ჩაეშვება.

4. Instagram-ზე პოსტის განსათავსებლად ფოტოს ან ვიდეოს დადება აღარ იქნება აუცილებელი, მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ ტექსტი, სტიკერი ან ნახატი გააზიაროს.

5. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ორმხრივად წაშალონ მეგობრისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება, ფოტო თუ ვიდეო. ამის მუდმივი ჩანაწერები აღარ შეინახება.

ცუკერბერგი აცხადებს, რომ მონაცემთა დაცვის კუთხით, ამჯამად კომპანიას კარგი რეპუტაცია არ აქვს და ამას აუცილებლად გამოასწორებენ.

„ეს ერთ ღამეში არ მოხდება, ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არც გვაქვს, თუმცა ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე,“- ამბობს ცუკერბერგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×