რეზონანსი
30.04.2019

 (რეზონანსი) სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ბინების მშენებლობა იწყება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის" პრინციპით აშენდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.

პროექტის პირობები და მიზნები სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცნეს.

"ინიციატივის მიზანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ოფიცრებსა და კაპრალ-სერჟანტებში მოტივაციის ამაღლებასა და სამხედრო სამსახურში მყოფი გამოცდილი და პერსპექტიული პირადი შემადგენლობის შენარჩუნებას.

პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება 2019 წელს, ხოლო შემდგომი ეტაპი დაახლოებით, 2022 წელს დაიწყება. ბინების მშენებლობა ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.

2019 წლის „ამხანაგობაში" გაერთიანების შესაძლებლობა ექნებათ: გენერლებს, პოლკოვნიკებს, ვიცე-პოლკოვნიკებს, მაიორებს, მთავარი სერჟანტისა და მასტერ-სერჟანტის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროდან არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართები. წელს პროექტში ჩაერთო და უკვე დარეგისტრირდა 650-მდე სამხედრო მოსამსახურე.

საცხოვრებელი ფართების განაწილება შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: ოჯახი/სამხედრო მოსამსახურე (უშვილო) - 50 კვადრატული მეტრი; ოჯახი და ერთი შვილი - 50 კვადრატული მეტრი; ოჯახი და ორი შვილი - 80 კვადრატული მეტრი; ოჯახი და სამი შვილი - 110 კვადრატული მეტრი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(ბიზნეს მედია)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×