უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის გოგონა ბებიასთან ერთად ღამეს ქუთაისის თეატრში ათევს2014 წელს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, ოჯახი ქუთაისში, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩა. აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს, უკრაინის ომების მონაწილე, ერაყში სამხედრო მისიის წევრი ქართველი ჯარისკაცის ცოლი და შვილი – პატარა გოგონა, რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლეს.
ჯარისკაცის ქვრივს, ქრისტინე სვანაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის მის ყოფას.
წლებია ქირით ვცხოვრობთ. მანამდე ალეკოსთან ერთად თბილისშიც ქირით ვიყავით. ჩემი მეუღლე მუშაობდა, არ გვიჭირდა და არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ალეკოს გარდაცვალების შემდეგ კი ქუთაისში დავბრუნდით, რადგან ამ ქალაქში ბინის ქირა უფრო იაფია. მე ფიზიკურად ვერ ვმუშაობ, ერთი თირკმელი მაქვს გაჩერებული, ანუ უფუნქციოა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს, ვერ ვმოძრაობ. ოპერაციას უსახსრობის გამო ვერ ვიკეთებ.
დედაჩემი (მაია სვანაძე) ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მუშაობს. ბავშვს მარჩენალდაკარგულის პენსია აქვს – 100 ლარი, დედას – 250 ლარი ხელფასი. მიზერული თანხის გამო ვეღარ გავწვდით ყველაფერს და ორი თვის ქირა დამიგროვდა. საუბარია 500 ლარზე. მე არ ვიყავი სახლში და რომ მოვედი, მითხრეს, შენი ოჯახი გამოუშვესო. დედა და ბავშვი თეატრში დამხვდნენ. ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს, ისე გამოგვყარეს სახლიდან.
დედაჩემი რადგან თეატრში მუშაობს, ჩემს შვილთან ერთად ღამეს იქ, მსახიობის საგრიმიოროში ათევს. მე კი ხან ერთ მეგობართან ვარ და ხან – მეორესთან.
ბინა გვქონდა ქუთაისში, მაგრამ მეზობელმა ბანკში ჩადო. ვენდეთ და შემდეგ ვერ გადაიხადა, ჩვენი სახლი კი აუქციონზე გაიყიდა. ის ოჯახი ამერიკაში გაიქცა. მის შვილთან გვქონდა კომუნიკაცია და წლების წინ 3000 დოლარი მოგვცა. დაგვპირდა, ეტაპობრივად გადაგიხდითო, მაგრამ იმის შემდეგ არც გამოჩენილან", - განუცხადა "სარკეს" ქრისტინე სვანაძემ.