(რეზონანსი) მე თავიდანვე მოვითხოვე, რომ ჩემი შვილები დაეცვათ ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების ჩარევისგან, - ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რის საფუძვლადაც არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაჟღერება დაასახელა.
პროკურორების შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.
„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან. ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით", - განაცხადა იულია სუსლიაკმა.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.
დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.