თამთა ჩაჩანიძე
26.04.2019

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შენგენის შეთანხმება ირღვევა, რადგან ღია საზღვრების დაცვის უზრუნველყოფის პრინციპი ვეღარ მუშაობს.

მაკრონი მიგრაციის პოლიტიკის გადახედვას და შენგენის ზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის შსაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

„ევროპა, რომლისაც მწამს, სუვერენული და ძლიერი ევროპა, საკუთარ ამბიციებს გადახედავს აფრიკასთან და ყველა სხვასთან, ვისთანაც ეს საჭიროა ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, რათა თავიდან იქნას არიდებული მსგავსი მიგრაცია. ეს ევროპა ასევე ინარჩუნებს თავის საზღვრებს, იცავს მათ. ამ ევროპაში არსებობს დასაბუთებული უფლება ლტოლვილის სტატუსზე და სოლიდარობას თან სდევს პასუხისმგებლობაც," - აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი კრიტიკა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ლტოლვილების დაწოლის გამო შენგენის ზონის ზოგიერთმა ქვეყანამ საემიგრაციო პირობები გაამკაცრა, რაც შეთანხმების დარღვევას ნიშნავს.

"საუბარია შენგენის ზონაში ზოგიერთი ქვეყნის მიერ წესების დარღვევაზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე შენგენის წევრი ქვეყანა გასცემს ვიზას, ყველა ქვეყანა ვალდებულია ამ ვიზას პატივი სცეს და პიროვნება იქნეს დაშვებული ზონაში, შენგენის შეთანხმებით, არ არის გათვალისწინებული რაიმე ცალკეული ეროვნული შეზღუდვები.

ევროკავშირს პრობლემები გაუჩნდა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შემდგომ, ლტოლვილების დაწოლის გამო, რის შედეგადაც, ზოგიერთმა ქვყანამ გაამკაცრა საემიგრაციო პირობები და როგორც ჩანს გაჩნდა ბზარები შეთანხმების გათვალისწინებული პირობების დაცვისას, ამას ეხებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება და მისი მოსაზრება ასეთი კრიტიკული სწორედ ამიტომ იყო.

რამდენადაც ჩემთვის ხელმისაწვდომ წყაროებიდან არის ცნობილი, შენგენის შეთანხმების კონკრეტული დამრღვევი ქვეყანა ჯერ არ დასახელებულა." - აცხადებს მენაღარიშვილი

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.

2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, შეძლებენ ევროკავშირის /შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×