რეზონანსი
26.04.2019

 (რეზონანსი) ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანმა კიდევ ერთხელ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში და რომ ცოდვით კიდევ არ დაამძიმოს არც ღმერთი, არც ქვეყანა და არც საკუთარი თავი, - ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ განახადა.

მეუფე დანიელმა "წითელი პარასკევის" დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლის შეწირვით კაცობრიობას სიცოცხლე დაუბრუნა და ეს არის მძიმე მსხვერპლი, რომელიც გაიღო.

„დღევანდელი დღე არის გახსენება იმ დიდი საიდუმლოსი, რომელსაც ჰქვია კაცობრიობის გამოხსნა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ეს მოხდა მისი ჯვარცმით. იესო ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისთვის, რომ კაცობრიობა გამოეხსნა მარადიული სიკვდილისაგან, ჯოჯოხეთისაგან. ჩვენ, თავისი სიცოცხლის შეწირვით დაგვიბრუნა სიცოცხლე და ეს არის მძიმე მსხვერპლი, რომელიც გაიღო. ჩვენ ამიტომ გვაქვს ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ ჩვენი ცოდვების გამო ღმერთს დასჭირდა ასეთი მსხვერპლი და ამავე დროს, გვაქვს მადლიერება უფლისადმი, რომ ასეთი სიყვარული გამოავლინა ღმერთმა ადამიანის მიმართ, რომ იგი ადამიანთა ცხონებისათვის ჯვარზე გაეკრა. ეს არის დღე, როდესაც ყველა ადამიანმა კიდევ ერთხელ მადლობა შესწიროს ღმერთს და იფიქროს, რომ მისი ცხოვრება იყოს ჭეშმარიტების სამსახურში და რომ ცოდვით კიდევ არ დაამძიმოს არც ღმერთი, არც ქვეყანა და არც საკუთარი თავი",- განაცხადა მეუფე დანიელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×