(რეზონანსი) ჭორის სახით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ქალს ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა. ამაზე საუბარიც კი ძალიან ძნელია ჩემთვის. 10 წლამდე ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, - ამის შესახებ შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.
ის გამორიცხავს ტრეფიკინგის ფაქტს და აცხადებს, რომ იულია სუსლიაკი მეუღლესთან ერთად, რომელიც უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, აფხაზეთში თავშესაფარს ეძებდა.
„თუ ბავშვების გაყიდვის განზრახვა ჰქონდა, ორწელნახევარი უკრაინასა და მოსკოვში დადიოდნენ, უფრო დიდი შანსი არ ჰქონდათ, რომ რუსეთიდან, ან უკრაინიდან გაეყიდათ?" - აცხადებს თოდუა.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავებმა სუსლიაკზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს.
„სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა განხორციელებული. გუშინ და გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ზოგიერთი საკითხი სამართლებრივად განეხორციელებინა.
თუ რას ემყარება უკიდურესი ღონისძიების - დაკავების გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. თურმე, არსებობდა საშიშროება, რომ ის საქართველოს ფარგლებს დატოვებდა. ჯერჯერობით, ჩემთვის მტკიცებულებები არ გადმოუციათ, ახლა მივდივარ გამომძიებლეთან, რათა საქმის დეტალებს გავეცნო", - განაცხადა თოდუამ.