(რეზონანსი) დაკავებული უკრაინელი ქალის თანმხლები 10 ბავშვიდან 2 საავადმყოფოში რჩება და მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 2 ქუთაისში სოციალური ზრუნვის დაწესებულებაშია, ხოლო 6 მოზარდი თბილისში, ოჯახური ტიპის დაწესებულებაში მოათავსეს.
ამასთან, უფროსმა ბავშვმა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს განუცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ქალი ნამდვილად მათი დედაა და ტყუილია სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალბატონს ბავშვები გაყიდვის მიზნით ჰყავდა ჩამოყვანილი.
რაც შეეხება, მამის სამყოფელს, ის საქართველოში არ იმყოფება. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით მამაკაცი ამჟამად რუსეთშია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი აღნიშნავს, რომ კლინიკაში მყოფი მოზარდები გაციებულები არიან და საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას.
მზევინარ ღაჭავა ძალადობის ნიშნების არსებობას არ ადასტურებს. ამბობს, რომ სანამ გამოძიება სიმართლეს დაადგენს, მანამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე მოზარდებზე სოციალური სამსახური იზრუნებს.
„ბავშვები უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში არიან. უფროსმა ბავშვმა გვითხრა, რომ გაიგო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დედის შესახებ და გვითხრა, რომ ის ნამდვილად მათი დედაა" - განმარტა „პრაიმტაიმთან" საუბრისას.
უკრაინის მოქალაქე ქალბატონი ქუთაისში დააკავეს. 20 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.