აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი „ჭიაკოკონობა“ იმართება. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.
არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომები გატარდება, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.