რეზონანსი
21.04.2019

 (რეზონანსი) ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც მან პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.

გიორგი გახარიას თქმით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით სპეცრაზმი ხეობაში არავის შეუყვანია, დღეს პანკისის ხეობაში შევიდა მხოლოდ 35 პოლიციელი.

„ყველას მოვინახულებთ. საგანგაშო, მძიმე სიტუაციები არ გვაქვს. ზუსტად ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დრო მქონდა, რაღაც ინფორმაციებს შევხედე და ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, მათ პანკისის ხეობის კი არა, სამშობლოს სიყვარულიც არ ესმით, რა არის. არავის პანკისის ხეობაში ჰესის ასაშენებლად სპეცრაზმი არ შეუყვანია. დღეს პანკისის ხეობაში შევიდა 35 კახეთის სამხარეო პოლიციელი, რომლებსაც ესროლეს ქვა და ამის შემდეგ მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა. მინდა, ზოგიერთებს მოვუწოდო, ცოტა უფრო კეთილსინდისიერად და სერიოზულად მიუდგნენ საკითხს მაშინ მაინც, როცა სერიოზულ თემებზე საუბრობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დღეს ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×