(რეზონანსი) სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
მეუფე შიომ ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადამიანების ნაწილი, რომლებიც საკუთარ თავს მორწმუნეებად თვლიან, მთელი ძალით ეპოტინებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამავე დროს, ჯვარსაც ატარებენ და თავიანთ თავს ქრისტიანებად თვლიან.
"სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, მაგრამ მაშინდელი ებრაელების მსგავსად მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან და როდესაც დგება ჟამი სნეულების ან გარდაცვალების, ასეთი ადამიანები უარყოფენ ყველაფერ იმას, რაც უფალმა სულის გადასარჩენად გამოუგზავნა. უარყოფენ და მთელი ძალით ეპოტინებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამავე დროს ჯვარსაც ატარებენ და თავიანთ თავს ქრისტიანებად თვლიან",- ბრძანა მეუფე შიომ.