(რეზონანსი) პანკისის ხეობაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ნაცვლად, უნდა ისაუბროს ჰესის საკითხზე და სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მათ.
"ბიჭები არიან დაჭრილები, გადაყვანილები არიან. ხელისუფლების ნაკლები კომუნიკაცია მოსახლეობასთან, არასწორმა ინფორმაციამ გამოიწვია ეს შეკრება. ჩვენ საკმარისად დავკარგეთ ჩვენი შვილები. ესენი ჩვენს შვილებს არ დაინდობენ," -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ლეილა აჭიშვილი.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამ დროისთვის ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.