რეზონანსი
20.04.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით 10 ბავშვი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანა, მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ.

„ტირილი ისმოდა, თითქოს ვიღაც სცემდა. მივხვდი, რომ ერთი ბავშვის ტირილს არ ჰგავდა. როცა გამოვედი და ვიკითხე თქვეს, ვიღაცასთან ქირით არიანო", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეორე მეზობელი აცხადებს, რომ ბავშვებთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რუსულად საუბრობდა.

„ამბობდა, რომ უკრაინიდან იყო. 10 ბავშვიდან 4 მცირეწლოვანი იყო, დაახლოებით, 2 წლამდე ასაკის. დანარჩენები კი დაახლოებით 6, 7, 9 წლის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, არ ჰქონდათ საკვები, ჩასაცმელი", - განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

„ბავშვები ცუდად იყვნენ, ჩვენ სასწრაფო გამოვიძახეთ. ჩემი შვილების ტანსაცმელი ჩამოვიტანე და ყველას ჩავაცვი. სულ, 10 ბავშვია", - განაცხადა კიდევ ერთმა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. შსს ტრეფიკინგის ვერსიაზე მუშაობს. უწყებაში ამბობენ, რომ ქალი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×