(რეზონანსი) რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.
გოჩა ფიდიურის თანასოფლელები განმარტავენ, რომ მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს, თუმცა გატაცებულის ახლობლები ამბობენ, რომ გოჩა ფიდიური რუსმა მესაზღვრეებმა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
„ჩემი შვილი 12:00 საათზე ურეკავდა და ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მიაკითხა და ადგილზე აღარ დახვდა. ჩვენს ტერიტორიაზე იყო, იქვე იყო მისი ჯოხი, საწვიმარი და საჭმელი. ბანერი ზემოთაა იქამდე არ ავიდოდა. მოგვიანებით პოლიციამ შეგვატყობინა რომ რუსებმა დააკავეს. გოჩას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წამლები სჭირდება", - განაცხადა გატაცებული მწყემსის დედამ მედიკო ფიდიურმა.