(რეზონანსი) კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ რეგიონში მდინარეების შესაძლო ადიდების შესახებ გაფრთხილება მიიღო.
გარემოს ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციას ატყობინებს, რომ ამინდის გაუარესების გამო, შესაძლებელია რეგიონის მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწიოს და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გააქტიურდეს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონი მოსალოდნელი სირთულეებისათვის მზად არის.
"რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტებიდან, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და მზადყოფნაშია ტექნიკა," - აღნიშნა შიოშვილმა "პრაიმტაიმთან".
კახეთში რამდენიმე, მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი მდინარე და ხევია, მათ შორისაა მდინარე დურუჯი, რომელის კალაპოტი დასახლებულ პუნქტზე მაღლა მდებარეობს.
უკვე მეორე დღეა, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გადაუღებლად წვიმს.