(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომღერლის ნინა წკრიალაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს.
პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს,, რომ ამ საქმეზე 2019 წლის თებერვალში ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. დაიკითხება ყველა პირი, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით", - განუცხადეს პრაიმტაიმს შსს-ში.
ნინა წკრიალაშვილმა თავისი ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა გაასაჯაროვა. მან გადაცემა „ფარულ კონვერტში" პირდაპირ ამხილა გიორგი შელეგია, მეტსახელად „ძიაძია".
მისი თქმით, იანვარში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ ვებგვერდზე ატვირთეს და ზუსტად იცის, რომ მის პირად ტელეფონში შეღწევასა და კადრების გავრცელების უკან დგას ადამიანი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხვდებოდა, დაშორდა და მან ამ გზით შური იძია.
მომღერლის თქმით, მისი ყოფილი პარტნიორი ამას გარდა ემუქრება კიდეც და მისი ეშინია.