(რეზონანსი) საქართველოს სამეფო კარის სკანდალი გრძელდება. ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-მუხრანელებს შორის ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, გასულ კვირას დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ბევრმა მისი ესპანეთში წასვლა შეაფასა როგორც გაქცევა, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მნიშნელოვანი სასამართლო ელოდა. თავად ბაგრატიონის ადვოკატის ინფორმაციით, საქართველო დედის ავადმყოფობის გამო დატოვა.
"2020NEWS" დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ბიძაშვილს ირაკლი ბაგრატიონს ესაუბრა. ირაკლი ბაგრატიონი დარწმუნებულია, რომ სამეფო გვარში კონფლიქტი ხელოვნურად არის წარმოქმნილი.
"საბჭოთა კავშირის დროს, როგორც იცით, ბაგრატიონები არანაირად არ იყვნენ პრივილეგირებულები. ამიტომ ბაგრატიონ გრუზინსკებსა და მუხრანელებს შორის არანაირი დაპირისპირება არ იყო. მერე ორი ბაგრატიონის შტო შეერთდა და შექმნეს ოჯახი. დაიბადა ერთი ბავშვი. ორივე შტოს წარმომადგენელი. მაგრამ მერე რატომღაც ეს კონფლიქტი აფეთქდა. ანა ბაგრატიონის მხარე ამბობს, რომ ჩვენ ვართ პირველები, მუხრანელები არაფრები არ არიანო. ვერ ვხვდები, ამას რატომ ამბობენ, როცა ბავშვი უკვე დაიბადა. ვინ დაიწყო კონფლიქტი არ ვიცი, რაც ჩემი თვალით არ მინახავს, იმაზე ვერ ვისაუბრებ.
სანამ საქართველოდან წავიდოდა, ბოლო ორი დღე მასთან ერთად გავატარე. ამ დეტალზე რომ ვკითხე, მითხრა, არ ყოფილა მსგავსი შემთხვევაო. საქართველოდან წასლამდე საზღვარგარეთ ბევრს საუბრობდა. ხან იტალიურად საუბრობდა, ხან ეპანურად. ერთ-ერთი საუბრის შემდეგ უცბად დადო ყურმილი და ბარგის ჩალაგება დაიწყო. რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, მითხრა, სასწრაფოდ უნდა წავიდე ესპანეთშიო. ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი წასვლა. მივედით აეროპორტში, იყიდა ბილეთები. თვითმფრინავს დაახლოებით, ხუთი საათი ველოდებოდით. სულ ვლაპარაკობდით და ერთადერთი რასაც დარდობდა, ის იყო, რომ ბავშვს ვერ ნახავდა. რას ეტყვიან, რატომ არ მოვიდა მამაო, მეუბნებოდა. მე არ მიკითხავს, რატომ მიდიოდა.
რომ ჩავიდა ესპანეთში მეორე დღეს მომწერა და მითხრა, რომ საქმეებს მოაგვარებდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში. რომ ვკითხე რამდენ ხანში დაბრუნდები-მეთქი, მითხრა, ორი კვირა მაინც მჭირდება საქმეების მოსაგარებლადო. როგორც მომწერა, ბიზნესის გამო ჩერდება ესპანეთში და რომ მოაგვარებს ყველაფერს, აუცილებლად დაბრუნდება უკან", - განაცხადა ირაკლი ბაგრატიონმა.
"2020news.ge"