რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) „შაბათის კურიერის" ინფორმაციით, რუსეთი „კრიმინალურ ავტორიტეტებს" საქართველოში აძევებს. ამასთან საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არის „კრიმინალური ავტორიტეტი" ტარიელ ონიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა.

40 დღეში ქურდული სამყაროს შეფი - ტარიელ ონიანი, თავისუფალი იქნება. რუსეთმა არ იცის, სად გააძევოს ის ქვეყნიდან, რადგან რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, მას არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ონიანი საქართველოს მოქალაქეა.

კანონიერი ქურდი - ტარიელ ონიანი, ქართველ ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღმოჩნდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით, ქუთაისელი ონიანი ახლა ბოლნისშია რეგისტრირებული - სოფელ რატევანში მე-15 ქუჩაზე ნომერ მე-3 სახლში.

როდის აღიდგინა ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს მოქალაქეობა და, თუ არ აღიდგინა, როგორ მოხვდა მაშინ ის ამომრჩეველთა ერთიან სიაში ჯერჯერობით უცნობია.

რუსული მედიის ინფორმაციით, 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ონიანის მიზანი გავლენის დაბრუნება და კრიმინალურ ტახტზე ასვლაა. რუსულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ტარიელ ონიანის თავისუფლება ბევრს შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. კრიმინალური სამყარო ხმაურიანი შეკრებებისა და გარჩევების მოლოდინშია. ყველამ იცის, რომ 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ონიანი ნომერ პირველი ქურდის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ქუთაისური კლანის ლიდერის ციხიდან გამოსვლას ბევრი ხმაურიანი სტატია მიეძღვნა.

სტატიებში დეტალურადაა განხილული, ვის და რისთვის მოსთხოვს ონიანი პასუხს. პირველი სამიზნეები ის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, ვინც მისი კრიმინალური სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა და 2010 წელს რუსეთის ციხეებში ონიანის სასიკვდილო განაჩენი დააგზავნა.

ყველაზე მკაცრი ქურდული ვერდიქტი ონიანს მაშინ კრიმინალური სამყაროს ბოსის - ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის", მკვლელობისთვის გამოუტანეს.

ამ წერილს მაშინ 38 კანონიერი ქურდი აწერდა ხელს, რომელთა შორის წარმოშობით ქართველებიც იყვნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ონიანი ხელმომწერებთან საქმის გარჩევას სათითაოდ არ დაიწყებს და ყველას ქურდულ შეკრებაზე ე.წ. "სხოდკაზე" მიიწვევს.

ახალ მასშტაბურ კრიმინალურ ომს რუსი მიმომხილველები ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ელოდებიან, რადგან, მათი მტკიცებით, ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც რუსეთიდან აძევებენ, იქ ჩადის. მათ შორის არიან ტარიელ ონიანთან დაპირისპირებულებიც.

ცოტა ხნის წინ მოსკოვში მასშტაბური სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში დააკავეს ქუთაისური კლანის წევრი - მერაბ გოგია, მეტსახელად "მელა". კრიმინალურ სამყაროში ის დედ ხასანის მარჯვენა ხელად და მისი ქურდული საერთოს ე.წ. ობშიაკის მაყურებლად არის ცნობილი. გოგია ონიანთან დაპირისპირებულია და მის განაჩენზეც აქვს ხელი მოწერილი.

სავარაუდოდ, სტამბოლში ჩავა კიდევ ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი - ასლან ქობულაძე. ბათუმის კლანის წარმომადგენელი რუსეთიდან 5 აპრილს გამოაძევეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ბილეთი დომოდედოვოს აეროპორტიდან ჯერ თბილისამდე, შემდეგ კი სტამბოლამდე ჰქონდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ქობულაძე ჰაერში გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

 

რუსთავი 2

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×