(რეზონანსი) საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. 41 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ამ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.მანიფესტანტები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვეს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
ცვლილება, რომელიც საკავშირო კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შევიდა და რომელიც ქართულ ენასაც ემუქრებოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა.1978 წლის 14 აპრილს კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.