რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) პროექტის „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" ფარგლებში თურქეთში, ინეგოლში მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოდან გადასახლებული ქართველები დღეს სამშობლოში ბრუნდებიან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ინეგოლელმა ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ქართული ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც.

აეროპორტში ინეგოლელ სტუმრებს პროექტის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, გალობის უნივერსიტეტის წარმომედგენლებიც დახვდებიან.

ჩამოსული სტუმრებისთვის ფოლკლორული ფლეშ-მობი მოეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების წევრები მრავალჟამიერითა და ფოლკლორული ცეკვებით მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ თურქეთელი ქართველების ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოდის. 14 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით ინეგოლში მცხოვრები ქართველი სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება თუ მიღება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და აჭარის სოფლებში, საიდანაც მათი წინაპრები თურქეთში, კერძოდ, ინეგოლში გადასახლდნენ.

პროექტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის" ორგანიზებით ტარდება.

პროექტის ფარგლებში თურქეთელი ქართვლები 15 აპრილს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საზეიმო კონცერტს გამართავენ, ხოლო 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე 18-დან 80 წლამდე ინეგოლელი ქართველი, რომელთა ნაწილიც პირველად ჩამოდის საქართველოში.

საღამოზე შესრულდება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები.

საღამოზე შედგება კონსერვატორიისა და ფონდის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე" პრეზენტაცია.

წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.

პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ სულ ცოტა 150 წლის მანძილზე უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის შემოქმედებით და კულტურულ ურთიერთობებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×