(რეზონანსი) გენერალური პროკურატურა გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, საქმეზე ბრლდებულია სამი პირი და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პროკურატურის რეპუტაციის შელახვას ემსახურება ტელეკომპანია „რუსთავი2" - ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვლელობის საქმეში მხოლოდ ერთი ბრალდებული არსებობს.
„გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია დამატებით 2 პირისთვის ბრალის წარდგენის შესახებ. პროკურატურის განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ სამივე ბრალდებულმა წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2018 წლის 22 დეკემბრის განცხადების მიხედვით, დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე, ე.მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ასევე ბრალი წარედგინა დამატებით 2 პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქისიანთან. მათ, მეგობარ რ.კ.ს-თან ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ.კ.-მ, ე.მ.-მ და ს.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ე.მ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რაც შეეხება ტელევიზიის ეთერში დაგეგმილი სიუჟეტის ანონსს, მასში ნათქვამია, რომ ელიას მთაზე 19 წლის ახალგაზრდას დანა 19 ჯერ ჩაარტყეს, მომაკვდავი ჩაქოლეს, ხოლო პოლიციას მთავარი ბრალდებულები გაექცა. ამასთან ოჯახს პოლიცია და პროკურატურა უმტკიცებდა, რომ მათ შვილს სამი სხვადასხვა დანა ერთმა ადამიანმა ჩაარტყა.