საფრანგეთის ქართველი ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო. როგორც ახალგაზრდა ქალის ახლობლებისგან შევიტყვეთ, ბარბარა რამდენიმე თვის წინ, ქალაქ მაიამიში ძმასთან ჩავიდა და მუშაობა დაიწყო. იმ საბედისწერო დილას გარდაცვლილი ძმამ და რძალმა საძინებელ ოთახში ნახეს.
ჯერჯერობით გარდაცვალების დეტალები უცნობია. ახლობლები ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.
ბარბარა საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილია. ერთ-ერთი ემიგრანტი "ამბები.ჯი"-სთან ბარაბარა დავრიშაშვილის შესახებ რამდენიმე დეტალს იხსენებს:
"ბარბარას ძმა ვახტანგი მაიამიში ცხოვრობს, მეუღლეც იქაური ჰყავს. ბარბარა ხშირად დადიოდა ძმასთან. საოცარი და-ძმობა ჰქონდათ. რამდენიმე თვის წინ კი ჩავიდა და იქვე დარჩა. ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი - არომათერაპიის მაღაზიაში მუშაობდა. დილით რომ არ გამოსულა ოთახიდან, შესულან მის საძინებელში და ეს საშინელი სურათი დახვდათ. სასწრაფო გამოუძახებიათ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ვერაფერი უშველეს.
10 აპრილს, საფრანგეთში, ტაძარში პანაშვიდი ცხედრის გარეშე გადაუხადა შვილს მამა არჩილმა. ვერც ვიფიქრებდით, რომ ამას შეძლებდა. სხვა ეკლესიების მოძღვრებიც იყვნენ მოსული, მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა... მერე სხვა მოძღვრებმა განაგრძეს. სავსე იყო ეკლესია, ტევა არ იყო, ყველა ტიროდა. ეს უმძიმესი წუთები იყო.
მამა არჩილი არაჩვეულებრივი, უსპეტაკესი ადამიანია, ბავშვივით მიამიტი, საყვარელი და ამხელა განსაცდელის წინაშეა. რომ ნახა მრევლი ასეთ მდგომარეობაში იყო, მერე ისევ თვითონ აიყვანა თავი ხელში და ცდილობდა განეტვირთა ეს დამძიმებული ვითარება. ასეთი სათნო მოძღვარი ალბათ დიდი იშვიათობაა დღეს".