(რეზონანსი) ბათუმის საკრებულოს ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც.
„პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში და საზოგადოებას მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი. მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი", - განაცხადა ირაკლი პატარიძემ.
ტერენტი გრანელის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც, საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი პატარიძემ, ბათუმში ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს აცნობდა საკრებულოს, ის როგორც პროზაიკოსი ისე მოიხსენია.
პატარიძეს საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე გამოეპასუხა და უთხრა, რომ გრანელი არა პროზაიკოსი, არამედ პოეტი იყო და აღნიშნა, რომ პატარძეს გრანელის არცერთი ლექსი არ ეცოდინებოდა. ქამადაძის რეპლიკას პატარიძემ უპასუხა და ოპოზიციის წარმომადგენელი კამერებთან კეკლუცში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენს, შემდეგ კი - ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირებისას დეპუტატი რომან ზოიძე დაშავდა. მას თავი გაუტეხეს. დეპუტატს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.