რეზონანსი
12.04.2019

 (რეზონანსი) კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.

უწყება არ აკონკრეტებს, თუმცა, „პრაიმტაიმის" ცნობით, დაკავებულია წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი 35 წლის ჩიტო ქაცარიძე.

გამოძიების ინფორმაციით, ქაცარიძე ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ქურდული გარჩევის გზით, ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ ჩიტო ქაცარიძის ავტომობილის ჩხრეკისას ტტ-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, „კანონიერი ქურდი", რომლის სახელის გამოყენებით ჩიტო ქაცარიძე მეწარმეს ფულს სძალავდა, ბადრი კოღუაშვილია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული გავლენიანი „ავტორიტეტის" სახელს იყენებდა და რეალურად დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხას პირადად ითისებდა. რაც შეეხება წარსულში მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 2006 წელს და 2010 წლებში, ის საბაჟო წესების დარღვევის, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გასაღების და გადასახადების თავიდან არიდების ბრალდებით გაასამართლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×