საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, მათ ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ივანიშვილის თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, საქართველოსთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.
მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.