(რეზონანსი) „სულ წინ იარე" - ამ სიმღერით წარსდგება ოთო ნემსაძე თელ-ავივში „ევროვიზიაზე". სიმღერაზე საკონკურსო კლიპი უკვე მზად არის და ის სამ ლოკაციაზე - მალთაყვაში, ენგურის ხიდზე და თბილისის ზღვაზე გადაიღეს.
ვიდეორგოლის რეჟისორია გიორგი ებრალიძე, მუსიკისა და ტექსტის ავტორები კი რომა და დიანა გიორგაძეები არიან. ოთოს ჩაცმულობაზე გიორგი შაღაშვილი ზრუნავს. ქართულ საკონკურსო ნამუშევარს თავისი კონკრეტული გზავნილი აქვს. ამაზე კონკურსანტი თავად საუბრობს.
"ალბათ, ენგურის ხიდთან ყოფნა ნებისმიერი ქართველისთვის მძიმეა. ძალიან სენტიმენტალური ადგილია. ემოციები? მინდოდა სოხუმამდეც ჩავსულიყავი და იმის იქითაც. მე აფხაზეთის გარეშე საქართველო ვერ წარმომიდგენია. ამიტომაც იქ ყოფნის დროს მინდოდა აფხაზეთში ბოლომდე ჩავსულიყავი.
მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ არის მავთულხლართებში და დაყოფილ ტერიტორიებად ქცეული. გვინდა საქართველოდან აქცენტი მთელ მსოფლიოზე გადავიტანოთ. გვინდა მსოფლიო ჩავრთოთ ამაში. პატარა ქვეყანა გვაქვს და სწორი გზავნილის გაშვებაა საჭირო", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ოთო ნემსაძე.
„ევროვიზია 2019″ თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.