რეზონანსი
10.04.2019

 გიო ხუციშვილს 3 შვილი დარჩა, პირველი ქორწინებიდან ნოდარი და ელენე, მეორედან – ზუკა. ზუკა ბავშვობიდან მღერის, ნოდარმა კი პროექტ "მხოლოდ ქართულში" სცადა ბედი და ახლა ტელეწამყვანია. ელენე პროფესიით სტომატოლოგია, ამჟამად ერთ-ერთ კოსმეტიკურ კომპანიაში მუშაობს. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ჩემი ქალიშვილიაო, – ამბობდა გიო ხუციშვილი ელენეზე, რომელიც ჯერჯერობით მისი ერთადერთი შვილიშვილის დედაა. ელენე "სარკესთან" პირველად საუბრობს მამასთან ურთიერთობაზე, მის ბოლო დღეებზე:

"თვითონ არ საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, არ უნდოდა, ვინმესთვის დაენახვებინა, რომ რაღაც უჭირდა. ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვიან, ალბათ ღამის 2 საათზე დამირეკა. ისეთი ხმა ჰქონდა, გიოს აღარ ჰგავდა. ლაპარაკი უჭირდა. მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა…

ავად როცა იყო, ყოველდღე მივდიოდი, მაგრამ დიდად არ ვენახვებოდი, რადგან არ მინდოდა, ეფიქრა, რომ მეშინოდა. რადგან მასთან არ ვცხოვრობდი, არ სიამოვნებდა, დილიდან საღამომდე იქ რომ ვიყავი. თავს შევყოფდი ოთახში, შემოგირბინე და ხვალაც მოვალ-მეთქი. არც ის სიამოვნებდა, რომ ისეთს ვუყურებდი.

კონცერტამდე ძალიან ცუდად იყო. გვეგონა, რომ ეს საღამო ვერ გაიმართებოდა, მაგრამ ისე მოინდომა, მთელი დარჩენილი ენერგია და ძალა გამოიყენა. ეს ემოცია და ენერგია 2 დღე გაჰყვა. მეორე დღეს რომ მივედი, ისე კარგად იყო, ისეთი ბედნიერი და მხიარული, მეგონა, ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2-3 დღის მერე ძალიან ცუდად გახდა.

ბოლო წუთამდე ეგონა, რომ გამოძვრებოდა და კარგად იქნებოდა. მომავლის იმედი ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს დასასრული არ იყო…"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×