(რეზონანსი) პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი რუსეთის საპატიმროდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გათავისუფლების მომენტიდან დღის წესრიგში დგება მისი დეპორტაციის საკითხი, ვინაიდან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ მულუხოვის (ონიანი) რუსეთის ტერიტორიიდან სამუდამო გაძევების შესახებ.
კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო მისჯილ 10-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.
2010 წელს რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა არაკანონიერი გზით მიიღო, თუმცა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. იყო ვარაუდი, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების არალეგალური გზით მითვისებას სდებენ ბრალად. „როსბალტის" წყაროს ცნობით, დეპორტაციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მარშუტად საქართველოც განიხილებოდა, თუმცა „ტაროს" სავარაუდოდ თურქეთში გაუშვებენ, სადაც ბოლო წლებში „კანონიერი ქურდების" დიდი კონცენტრაცია შეინიშნება.
მედია არ გამორიცხავს, რომ ტარიელ ონიანის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში ნომერ პირველი „კანონიერი ქურდის" არჩევის საკითხი, რამაც შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვიოს.
„შაქრო კალაშოვის დაპატიმრებით „ბოსების ბოსის" ტიტული ვაკანტური გახდა და ქურდული სამყაროს ტახტზე ასასვლელად ერთდროულად რამდნიმე „კანონიერი ქურდი" იბრძვის. ცხადია, მათ შანსები მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან ტახტისთვის ბრძოლაში „ტარო" უკვე ღიად ჩაერთვება", - წერს რუსული მედია.