მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მე-5 კურსის სტუდენტი იყო, როცა 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ოკუპაციის ძალებმა მოკლეს. როგორც დედა ლიდა (ჟუჟუნა) ადამია აცხადებს, ბავშვობიდან აზა თავშეკავებული, შრომისმოყვარე და სამართლიანი გოგო იყო.
"30 წელიწადი გავიდა მას შემდეგ და ჩემთვის არაფერი შეცვლილა… უფროსი შვილი იყო, მეიმედებოდა… მზარავს აპრილი, ეს თვე დადგება და ვიცვლები, სახლში ვიკეტები… ტკივილი მიახლდება. მახსენდება, როგორ მომისვენეს შვილი 30 წლის წინ, რუსი ჯარისკაცების მიერ ნიჩბით დამტვრეული. ქვეყნის თავისუფლებას შესწირა თავი ჩემმა შვილმა… აზას გარდა მყავს 2 ვაჟი და კიდევ ერთი ქალიშვილი, ბიჭები აზას გაზრდილია, ის მეხმარებოდა მათ გაზრდაში", – აცხადებს დედა.
აზას ძმა კობა ადამია ამბობს, რომ ოჯახში იცოდნენ, რომ აზა მიტინგებზე დადიოდა, მაგრამ არავინ უშლიდა იქ სიარულს. თან ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ვინ წარმოიდგენდა ასეთ ბოლოს…
"იმ დღეს, როცა რუსთაველზე მომიტინგეები დაარბიეს, ჩვენ მარტვილში ვიყავით. მაშინ უბანში ტელეფონი მხოლოდ ერთ მეზობელს ჰქონდა, იქ დაგვირეკეს და ამ საშინელების შესახებ გვითხრეს. აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა… მეტი არაფერი ვიცოდით", – აცხადებს აზა ადამიას ძმა კობა ადამია.
წელს აზა ადამია 52 წლის გახდებოდა. მარტვილის მეორე საჯარო სკოლა აზა ადამიას სახელობისაა. ძმის, კობა ადამიას და მეგობრების ძალისხმევით, სკოლის ეზოში აზას მონუმენტი დაიდგა, რითაც პატივი მიაგეს მის ხსოვნას. აზა ადამია მარტვილის ეკლესიის მიმდებარედ არის დასაფლავებული.
(აიპრესი)