(რეზონანსი) ქალთა რიცხვში საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე სტატუსში აღდგენას და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილობის მიღებას მოითხოვს.
როგორც თათია ლორთქიფანიძის მამამ, ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა დღეს სტარტი აიღო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო, გუნდის კაპიტანს, ძალოსან, თათია ლორთქიფანიძს, თუმცა ის შეჯიბრიდან ჩუმად მოხსნეს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის" რევანშს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათ ოჯახს შეგნებულად მოუწყვეს იმ მიზეზით, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ. ამასთან, ლორთქიფანიძემ ძალოსნობის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანჯაღავასა და თათია ლორთქიფანიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
„თემურ ჯანჯაღავა არ არის ძალოსანი და შესაბამისად, უფლება არ აქვს ავარჯიშოს სპორტსმენი. მოვითხოვთ, თათიას სტატუსში აღდგენას, იმიტომ, რომ 10 აპრილს გამოსვლა აქვს ბათუმში და ვერიფიკაციიდან ჩუმად მოხსნეს.
ეს არის პოლიტიკური და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ. ხელისუფლებამ ეს არ იცოდა. ეს არის ფედერაციაში შიგნით მოხარშული ამბავი, სადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ზონდერები: კახი კახიაშვილი, გია ასანიძე, თემურ ჯანჯღავა და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც ჩვენ, რეალურად, შეთქმულება მოგვიწყვეს. ეს არის ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულება, იმ კუთხით, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან პრეტენზია ვიქონიოთ.
თათია ლორთქიფანიძე გადიოდა ინდივიდუალურ ვარჯიშს თავის მწვრთნელთან, გელა მახარაშვილთან ერთად. აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო ფედერაციასთან, იმიტომ, რომ თათია უარს ამბობდა თემურ ჯანჯღავასთან ვარჯიშზე. თემურ ჯანჯღავა იყო ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თათია მასთან ვარჯიშზე უარს ამბობდა ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ ის იყო არაკვალიფიციური და აყენებდა ტრავმებს და მეორე, ადანაშაულებდა მას შევიწროვებაში, აყენებდა შეურაცხყოფას და ეს ყველაფერი ფიქსირდებოდა ფედერაციის პრეზიდენტ კახა კახიაშვილთან, როგორც ახსნა-განმარტების, ისე ზეპირსტყვიერების სახით, რათა მას ამ საკითხზე რეაგირება ჰქონოდა.
ფაქტობრივად, დაასრულებინეს ბავშვს სპორტული კარიერა და ჩაიდინეს მორალური მკვლელობა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ინტერპრესნიუსთან".