(რეზონანსი) ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს.
სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა.
მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს პატივისცემით დაკრძალავენ.
ტერიტორიაზე, რეპრესირებულთა შთამომავლები მივიდნენ და სამარხებთან მისვლას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, გაურკვევლობაში არიან და მიცვალებულთა დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ.
„ჩემი ბაბუა იყო რეპრესირებული, არ ვიცი აქ მარხია თუ არა, ან საიდან დავადგინო არის თუ არა აქ დასაფლავებული? ეპარქიამ სია რომ გამოაქვეყნა, იმ სიაში არის. დნმ-ის ანალიზი უნდა ჩატარდეს, თან მე მუსლიმი ვარ, ბაბუაჩემიც მუსლიმი იყო, იქნებ არ მინდა ქრისტიანულად დამარხვა", - ამბობს რეპრესირებული პირის შთამომავალი ალექსანდრე დუაძე.



