(რეზონანსი) სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს, მესამე მოსმენით უყრის კენჭს.
როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა, კანონპროექტის კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვერ ესწრება, რადგან ამ წუთებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს.
"პირობას გაძლევთ, რომ კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს დასრულდება და როგორც დაგეგმილი იყო, მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები არ ჩატარდება და კანონის დონეზე საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის დუბლირება აღმოფხვრილი გვექნება.
კანონპროექტის ჩაგდების გამო საზოგადოების რეაქციას ვიზიარებ, თუმცა მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სანამ პარლამენტი საქმიანობას თბილისში მდებარე პარლამენტში გააგრძელებდა, ქუთაისში მსგავსი პრობლემები არ იყო. ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არის, სხდომათა დარბაზში ხმაურია", - განაცხადა ჯაშმა.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი გუშინ ჩავარდა.
კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.