რამდენიმე დღის წინ 40 წლის მამაკაცი, რომელმაც "ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში" ძგიდის ოპერაცია გაიკეთა, გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილი ალერგიის შედეგად ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, რადგან საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე შესაბამისი სინჯი გაკეთებული არ ჰქონდა. პაციენტი 11 დღე ტვინის შეშუპებით რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. რეანიმატოლოგების მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
პრაიმტაიმი გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის ექიმ-ანესთეზიოლოგსაც დაუკავშირდა. როგორც დავით კაპანაძემ განმარტა, გაიდლაინის მიხედვით, თუ ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალერგია არ აღენიშნება, მაშინ სინჯის გაკეთება სავალდებულო არ არის, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი.
"თითოეულ პაციენტს დეტალური ინფორმაცია ეძლევა ოპერაციის მიმდინაროებისას შესაძლო გართულებების შესახებ ქირურგის, ანესთეზიოლოგის, თერაპევტის მიერ", – განაცხადა ექიმმა-ანესთეზიოლოგმა.
იურიდიული კომპანიის „GS & Barristers”-ის დირექტორის, გიორგი სიბაშვილის განმარტებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, პირველ რიგში, რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართონ, რათა საექიმო შეცდომის დადგენა აღნიშნული უწყების პრეროგატივაა.
"არსებული გაიდლაინების მიხედვით, პაციენტს, რომელსაც უკეთდება ანესთეზია და არსებობს ინტოქსიკაციის, ან ალერგიის გამოწვევის ალბათობა, აუცილებელია გაკეთდეს წინასწარი კვლევა, ანუ სინჯი. ასევე, კლინიკაში უნდა არსებობდეს პაციენტის ინფორმირებულობის ხელმოწერილი დოკუმენტი. სხვა შემთხვევები საექიმო შეცდომად განიხილება", – განაცხადა ადვოკატმა.