(რეზონანსი) სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ირანში გაროზგვას გადაურჩა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომჩივანის ირანში ექსტრადირება ევროპული კონვენციების დარღვევა იქნებოდა, ამიტომ ბულგარეთის ხელისუფლებას მისი ირანისთვის გადაცემა აეკრძალა.
როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლოს ბულგარეთში მცხოვრებმა ქართველმა მიმართა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ირანში ექსტრადირება დაუშვებელია, რადგან იქ გაროზგვით ემუქრებიან. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს მართლაც ასეა და საქართველოს მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა.
„სასამათლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ქურდობაში ადანაშაულებენ, ირანში სულ მცირე 74-ჯერ გაროზგვა ემუქრება", - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
საქართველოს მოქალაქე გ.ს. რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა ბულგარეთში 2016 წელს დააკავეს. მას ირანის საგამოძიებო ორგანოები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 000 ევროს მოპარვას ედავებიან.