(რეზონანსი) კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ერთ-ერთი სახლის მეპატრონეებმა ეზოში სამშენებლო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. ზურაბ ზაქარაშვილი დის კუთვნილი სახლის ეზოში ორმოს თხრიდა, როდესაც რამდენიმე მეტრის სიღრმეზე სამარხს მიაგნო.
„ეზოში მიწას ვჭრიდი, ორმო უნდა ამომეთხარა, როდესაც ეს სამარხი აღმოვაჩინე. დაახლოებით, 1 მეტრის სიღრმეზე ქვები რომ გამოჩნდა, ადგილი მოვასუფთავე და ვნახე, რომ პატარა სამარხი იყო. სამარხის სიგანე, დაახლოებით, 70 სანტიმერია. ზემოდან არაფერი არ ეფარა, მიწით იყო დაფარული. ქალი, რომელიც სამარხშია ჩასვენებული, მოხრილია, თავი მუხლებთან აქვს და ემბრიონის პოზაშია დაკრძალული.სევე ვნახე წვრილი ნეკნები, სავაურაუდოდ, მცირეწლოვანი ბავშვის ან ცხოველის იქნება, თუმცა აღარ გავთხარე, რომ არ დამეშალა. სამარხი როგორც აღმოვაჩინე, სწორედ ისე დავტოვე.
აღმოჩენილი მძივები მეწამული ფერისაა და ძალიან წვრილია. არის დამუშავებული და სხვადასხვა ფორმა აქვს მიცემული. ძეწკვს თან ერთვის ძვლისგან დამზადებული პატარ-პატარა ფორმებიც, რომლებიც სიძველისგან ნაწილობრივ დაშლილია" - აღნიშნა ზურა ზაქარაშვილმა.
სახლის მეპატრონეებმა აღმოჩენა ხელუხლებელ მდგომარეობაში დატოვეს. ისინი გეგმავენ, რომ სამარხის დეტალურად შესასწავლად კასპის მუზეუმის სპეციალისტებს დაუკავშირდნენ.
"ამბები.ჯი"